საქართველოს ივნისში სამჯერ მეტი უცხოელი ეწვია

საქართველომ ივნისში 445,9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 51%-ით აღადგინა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის ივნისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 185,5%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ ივნისში 445,9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 2019 წლის მაჩვენებელი 51%-ით აღდგა.
უწყების მონაცემებით, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 302,6 ათასი, რაც 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე 126,7%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 64,1%-ით.
სულ 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეწვია 1,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც გასული წლის იანვარი–ივნისის პერიოდზე 234,5%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 42,1%-ით აღდგა.
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმზე: ბოლო 5 თვის მონაცემები>>
წლის დასაწყისიდან ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 1,2 მილიონი. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 186,3%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელი საქართველომ 56,8%-ით აღადგინა.
ტურიზმის როლი
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ ამ სფეროს აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურიზმი კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური) მაშინ, როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა – ქვეყანას ეწვია 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„პანდემიური სინდრომი“ ტურიზმში, ანუ რა ელოდება საქართველოს 2022 წელს
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
შედეგად, 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45,1%-ით მეტია. ტურიზმის შემოსავლებმა 2021 წელს 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.