ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ მინისტრთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი განიხილა

შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებს შორის და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან შეხვედრაზე თბილისში განიხილა პროექტები, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარებისთვის ხორციელდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა.
ღარიბაშვილმა და ნაბიევმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები.
საქართველო ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციაში მონაწილეობას მიიღებს>>
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
ტრანზიტული გადაზიდვები საქართველოს გავლით კვლავ იზრდება>>
BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,3%-ით გაიზარდა და 540 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 14,6%-ით გაიზარდა.