თუ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ... კობახიძის პროგნოზი

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარი ხელს შეუწყობს კიდევ უფრო დიდ პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.

„თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ეს იქნება პოლარიზაციის წამახალისებელი მოცემულობა. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და არა პოლარიზაციას“, – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ გეგმას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ყველა პასუხისმგებელი სუბიექტი დეტალურადაა გაწერილი და ვერავინ შეიტანს ეჭვს, რომ რაღაც ლოგიკა დარღვეულია.
დეპუტატი: საპროტესტო აქციებს „შინ ხელისუფლებისკენ" უნდა ერქვას>>>
„გეგმა არანაირ კითხვებს არ ტოვებს. ვინ, რას და როდის აკეთებს – დეტალურადაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, კორექტირებისთვის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.