თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კანოეს ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადასცეს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის მინისტრი თეა წულუკინი პირადად ეწვია მცხეთაში ნიჩბოსნობის ბაზას, სადაც ფედერაციას ახალი აღჭურვილობა გადაეცა.
ქართველმა ნიჩბოსნებმა 20 კანოეს ნავი, 3 სლალომის ნავი, 2 კაიაკი, 1 საპის ორიგინალი ნავი, 1 კატარღა და 1 კანოეს ტრენაჟორი მიიღეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს როგორც ახალგაზრდულ ტურნირებზე, ისე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებებზე.
სავარჯიშო ნავების არქონის პრობლემა ჯერ კიდევ 2021 წელს მინისტრსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე გამოიკვეთა. მაშინ წულუკიანმა კანოეს ფედერაციას ამ პრობლემის გადაწყვეტაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აღდგებოდა ფოთის მუნიციპალიტეტის სოფელ მალთაყვის ნიჩნოსნობის ისტორიული ბაზა. ბაზის აღდგენის პროცესი მომდევნო ორ წელიწადში უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ ნიჩბოსნობის ფედერაციას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და საასპარეზო სივრცე ექნება.