თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Seoul International Wine & Spirits Expo 2022 ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
გამოფენაში, რომელიც თავისი მასშტაბით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის რეგიონში, საქართველო მესამედ მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, წელს ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რასაც საქართველოს ღვინის სტენდთან ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების სიმრავლეც ადასტურებდა.
გამოფენას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ადგილობრივი ღვინის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო