თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ჰიდროელექტროსადგურებმა 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოს მოხმარების სრულად დაფარვა და ჭარბი ენერგიის თურქეთში ექსპორტიც მოახერხეს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოდგენს. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს ელექტროენერგიის წლიდან წლამდე მზარდი მოხმარების დასაფარად.
„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოხმარებას სრულად ფარავს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში“, – განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანიას თქმით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალსაცავებში წყლის დაგროვება გრძელდება. ამ ეტაპზე ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომლებსაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რაც საშუალებას მისცემს მათ, ამ მარაგით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.
სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.
მზარდი მოხმარება
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის საქართველო შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება 26 მილიარდ კვტ/სთ მიაღწევს, დღეს კი ის წელიწადში 13 მილიარდის დონეზეა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ თითქმის 6,5 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გამომუშავებულია 5,6 მილიარდი კვტ/სთ. დეფიციტური მხოლოდ წლის დასაწყისი იყო, შემდეგ კი საკუთარმა გამომუშავებამ მოიმატა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი ჰესებზე მოდის – 4,1 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურმა – 33,7 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. წლის დასაწყისიდან ქვეყანამ განახორციელა იმპორტი 1,2 მლრდ კვტ/სთ ოდენობით, მათ შორის, რუსეთიდან (906,6 მლნ კვტ/სთ), სომხეთიდან (138,4 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (129,1 მლნ კვტ/სთ).
ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 272,1 მლნ კვტ/სთ, აქედან 219,8 მლნ კვტ/სთ თურქეთში განხორციელდა.