თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ორმა დიდმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ 1 ივლისიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი გააძვირა.
არასამომხმარებლო ტარიფი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს აბონენტებისთვის 1,1-დან 1,35 ლარამდე გაიზარდა 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე.
Socar Georgia Gas-მა რეგიონებში თავისი აბონენტებისთვის არასამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 1,15-დან 1,38 ლარამდე გაზარდა.
ამჯერად ფასის მატება ეხება პურის საცხობებსაც, რომლებიც ბოლო დრომდე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობდნენ. თუმცა რეგიონებში პურის საცხობები ერთ კუბურ მეტრზე ამჟამინდელი 0,95 ლარის ნაცვლად 1,15 ლარს გადაიხდიან.
კომპანიებში ტარიფების გაძვირების მიზეზად საბაზრო ფასების შესაბამისი კორექტირება დაასახელეს.
ექსპერტების პროგნოზით, კომერციული გაზის გაძვირება პროდუქტების ფასებზე აისახება.