С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა საქართველოში 2025 წლისთვის დასრულდება

ბოლო ექვს წელიწადში С ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში 67%-ით შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოში С ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასრულება 2025 წლისთვის არის დაგეგმილი, ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრეს-რელიზში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით დაახლოებით 80 ათასი ადამიანი განიკურნა.
ეს მონაცემები საქართველომ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე წარადგინა, რომელიც ლონდონში 22–26 ივნისს გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე პროფესორმა აკაკი აბუთიძემ წარუდგინა.
ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში С ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
პროგრამა 2015 წელს დაიწყო. ქვეყანაში С ჰეპატიტის გავრცელება, საქართველოს NCDC-ს და აშშ-ის CDC-ს ერთობლივი კვლევების თანახმად, 5,4%-დან 1,8%-მდე შემცირდა.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ ჩაიტარა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში - გამოჯანმრთელდა ბენეფიციარების 98%>>
საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.