თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისში, კლუბ „ხიდში“ (KHIDI) Tbilisi Pride Week-ის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. იუწყება ტელეკომპანია „ ტვ პირველი“.
საქართველოში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით Tbilisi Pride Week-ის ჩატარება იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია მთლიანად ჯებირებითაა შემოღობილი.
ადგილზე მივიდნენ რადიკალური დაჯგუფების წევრებიც, თუმცა სამართალდამცველებმა მათ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ ეტაპზე მშვიდია და ჯერჯერობით რამე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები დახურულ ფორმატში რამდენიმე ღონისძიების გამართვას აპირებენ – ფილმების ჩვენებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და ფესტივალს. კონსერვატიული და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიებების ჩაშლით იმუქრებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი თანხას აგროვებენ, რათა დედაქალაქში რეგიონებიდან ჩამოიყვანონ ადამიანები. ამ მიზნით ქვეყნის რამდენიმე ბანკში ანგარიშებიც კი გახსნეს.
ამავე დროს, შსს-ში განაცხადეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ Tbilisi Pride Week-ის უსაფრთხო ჩატარებას.
უფრო ადრე „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ ფილმის ჩვენების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებს.
თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი–პრაიდში“ განაცხადეს, რომ შარშანდელის მსგავსად, წელსაც უარს ამბობენ ე.წ. ღირსების მარშის ჩატარებაზე. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობები.