საქართველო ხორბლისა და ქერის ექსპორტს ერთი წლით აჩერებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.

„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ გავრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო თავად ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, რომ ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე მაინც გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქერიც ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.
მიმდინარე წელს ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.