როდის იგრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ეკონომიკურ პროგრესს - ვიცე-პრემიერის პასუხი

იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე შეიგრძნონ „გაღარიბებული“ ქვეყნის ტრანსფორმაცია, დრო სჭირდება, მიაჩნია ვიცე-პრემიერს
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იგრძნონ ეკონომიკური ზრდა, აუცილებელია ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდეს რამდენიმე წლის განმავლობაში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განახლებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 14,9% შეადგინა.
„იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ კონკრეტული ეკონომიკური შედეგები და პროგრესი, ეს უნდა შენარჩუნდეს არა ერთი თვე, არა ერთი წელი, არამედ რამდენიმე წელი, რათა ეს ოჯახების კეთილდღეობაში გადაითარგმნოს. ეს ჩვენი ამოცანაა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე შეიგრძნონ „გაღარიბებული“ ქვეყნის ტრანსფორმაცია, დრო სჭირდება, ამიტომ საჭიროა ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მშპ-ის ზრდის დადებითი დინამიკა, რომელიც წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა, მაისშიც გაგრძელდა და, წინასწარი მონაცემებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გასულ თვეშიც შენარჩუნდა.
„ვფიქრობ, რომ შემდგომ თვეებშიც დადებითი დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ მაისის თვეში ტურიზმის აღდგენა თითქმის 96%-იანი იყო. ზაფხულის თვეებში... ველოდებით, რომ 2019 წლის მონაცემებს შემოსავლების კუთხით ტურიზმის მხრიდან უნდა გადავაჭარბოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტოა ევროპაში >>
მისი თქმით, ეს იქნება მყარი საფუძველი ამ ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. მისივე განცხადებით, დადებითი ტენდენციები ეკონომიკის დანარჩენი მიმართულებებითაც შენარჩუნდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 840,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 374,5%-ით აღემატება. 2022 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 258,6 მილიონი დოლარი, რაც 250,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და მხოლოდ 4,4%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისთან შედარებით.
„ჩვენთვის მთავარი ზუსტად ის არის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვქონდეს მხოლოდ ერთი წელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი შემცირების შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის 6%-იანი ზრდა, ხოლო მომდევნო წლებში - საშუალოდ 5,5%-იანი.