რას სთავაზობს მერია იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც პარკინგი ფასიანი ხდება

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების ზონებში მომუშავე კომპანიებს წლიურ აბონემენტებს შესთავაზებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საბურთალოსა და ისნის რაიონებში კონკრეტულ მისამართებზე 1 ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

„კომპანიებისთვის და სხვადასხვა საწარმოებისთვის გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც გაცილებით იაფია წლის ჭრილში, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ საათობრივი პარკირების გადახდა. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ აბონემენტები და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, 1 ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირებისთვის 1.751 ადგილი გამოიყოფა.
საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე. გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე.
მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, რომელთათვის პარკირება უფასო იქნება, ასევე გათვალისწინებული იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროს სადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო 1 ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება, მათ მერიის თანამშრომლები ასევე ეხმარებოდნენ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში.
იგეგმება თუ არა დედაქალაქში მრავალდონიანი პარკინგის მშენებლობა?
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.