ეს ძალაუფლების მიტაცების სურვილია - პარლამენტის სპიკერი ტექნიკურ მთავრობაზე

დემოკრატია მუშაობს არჩევნების გზით და ქართველი ხალხის ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
„სახალხო მოძრაობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.

„ეს საუბრები ნიშნავს წასვლას იგივე წრეზე, იმავე სპირალზე, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც მათ როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს არ სურთ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყოს, თუმცა, პაპუაშვილის თქმით, „დემოკრატია ასე არ მუშაობს“.
„დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, მას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ სხვა“, – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება>>>
ეს არის დემოკრატია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გადაწყვიტა და პარტიებს შორის პოლიტიკური წონა გადაანაწილა ისე, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა, აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“ და მთავრობა „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეკომპლექტებინა.

„ახლა კი ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა მოხდეს დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა>>>
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.