„ლელომ“ მმართველ პარტიას ულტიმატუმი წაუყენა

„ლელო“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების საკითხზე.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შესაძლოა უარი თქვას პარლამენტსა და საკრებულოში მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ლელო“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან – „ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად“.

„თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო“ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სახალხო მოძრაობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
როგორც „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ეროვნულ ამოცანას წარმოადგენს.
„თუ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა >>
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება >>
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.