თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზული უწოდა.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით შეიქმნას მინისტრთა ახალი ტექნოკრატიული კაბინეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ამ რთულ სიტუაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს. ქვეყნის ინტერესია სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ამ ამოცანებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ასრულებს, ის იქნება და თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაშიც კი მისი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.
გარდა ამისა, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ასახელებს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. 2020 წლის არჩევნების შედეგებით ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“.