თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა და მეწყერმა დააზიანა მედანის თემის სოფელ ლარაში მიქავების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოსახლის თხილნარში გაჩნდა ღრმულები, დაიმეწყრა ორ ჰექტრამდე მიწა, უვარგისი გახდა სასმელი წყალიც.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდბოგირები, ნაპირდამცავი გაბიონები, დაიტბორა სავარგულები.
მდგომარეობის შესწავლის მიზნით ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა.
დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა, ქარმა და სეტყვამ სერიოზულად აზარალა მოსახლეობა. დაიტბორა და დაზიანდა სახლები, ხეხილის ბაღები, საკარმიდამო ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.