თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განსახილველად საქართველოს მთავრობის სარჩელი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, შესაბამისი განცხადება დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.
სარჩელი 7 ივნისს არის შეტანილი - საქართველოს მთავრობა ითხოვს პრეზიდენტის და საკუთარი უფლებებისა და უფლებამოსილების ფარგლების განმარტებას. სამართლებრივი გაურკვევლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი რამდენიმე ელჩის კანდიდატურა დაბლოკა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, №1711 სარჩელში საქმე ეხება დავას, რომლის საგანიც „საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობაა.“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ, შესაძლოა წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.
როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ისე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. ეს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, გენპროკურორის, მთავრობის და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ქმედებების/უმოქმედობის გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს, 14 აპრილს დაამტკიცა.
წყარო - საკონსტიტუციო სასამართლო