სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან: რატომ დაიკეტა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

მოქალაქეების უსაფრთოების მიზნით ამჟამად ბოტანიკურ ბაღი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დააზიანა. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წაქცეულია ხეები, შედეგად რამდენიმე ადგილზე დაზიანდა და გაირღვა ბოტანკური ბაღის ღობე; აგრეთვე დაზიანებულია განათებები. ამასთან, ბაღში არსებულმა სადრენაჟე სისტემამ ვერ უზრუნველყო უხვი ნალექის გადინება და დაიტბორა ბოტანიკური ბაღის ნაწილი.
ბოტანიკურ ბაღში უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების ოპერატიული ჯგუფები და მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის იერსახის მოწერიგება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
სამეგრელოს რეგიონში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით დააზარალა სენაკის, ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.
სტიქიამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა>>
დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. ნალექმა ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. განადგურებულია ნარგავები, დახოცილია ფრინველი და საქონელი.
რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა.
ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.