თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა, რომელიც თბილისში ავარიის შედეგად დაშავდა, ქართველ ექიმებს სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
11 ივნისს ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახა. ნედელევს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომელიც ინგოროყვას კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს. ფეხბურთელს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. ის სამშობლოში 22 ივნისს დაბრუნდა.
„ერთ წამს შეუძლია მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება იქ, ბნელ გვირაბში... ახლა საკუთარ თავს არ ვეკითხები რატომ, არც დამნაშავეს ვეძებ. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. პროფესორ შოთა ინგოროყვას და მისი გუნდის მიმართ ვერანაირი სიტყვებით ვერ გამოვხატავ მადლიერებას, მან მეორე სიცოცხლის შანსი მომცა", – წერს ნედელევი.
ნედელევმა მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს. ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ბულგარეთის ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, კონსულ რალიზ დიმიტროვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.
„არანაკლები მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს, ვინც პოზიტიურ ენერგიას მიგზავნის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!" – აღნიშნა ნედელევმა.
დაზარალებული ფეხბურთელის მკურნალობის და ტრანსპორტირების ყველა ხარჯი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირმა დაფარა.
ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი 29 წლისაა. ის 2017 წლიდან თამაშობს პლოვდივის „ბოტევში“. ნედელევი ბულგარეთის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს.