მსოფლიო დღეს

მოლდოვის ექს-პრეზიდენტს შინაპატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივეს

ექს-პრეზიდენტი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კიშინიოვის ჩიოკანას (Ciocana) სექტორის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ დოდონმა ჟურნალისტებს სასამართლოდან გამოსავლისას განუცხადა.
მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო პალატაში, იტყობინება „Sputnik-მოლდოვა“.

„როგორც მოსალოდნელი იყო, „რეფორმირებული იუსტიციის“ პირობებში მოსამართლეებმა გადაწყვიტეს შინაპატიმრობის 30 დღით გახანგრძლივება... სამწუხაროა, რომ პროკურორებმა გადაწყვიტეს განაგრძონ ზეწოლა ჩემს ოჯახზე, მაგალითად, ჩემს სიძეზე... ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. იმედია, ჩვენს არგუმენტებს იქ მოისმენენ“, – განაცხადა დოდონმა.

მოლდოვის ექს-პრეზიდენტის იგორ დოდონის საქმე

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი 24 მაისს რამდენიმე ბრალდებით 72 საათით დააკავეს.
გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარიანა კერპეკმა განაცხადა, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად სამშაბათს დილით ჩაატარეს ჩხრეკა ყოფილი პრეზიდენტის სახლში, რომელიც ეჭვმიტანილია პასიურ კორუფციაში, პარტიის დაფინანსებაში დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიერ, უკანონო გამდიდრებასა და სახელმწიფო ღალატში.

დოდონის სახლში ჩხრეკა 11 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩხრეკა კიდევ 11 სხვა მისამართზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დოდონის ერთ-ერთი ნათესავის სახლიც, რის შედეგადაც ისიც სამი დღით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გასულ კვირაში გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დუმიტრუ რობუს ინიციატივით აღიძრა.
იგორ დოდონს ბრალი ზემოაღნიშნული ოთხივე მუხლით 25 მაისს წაუყენეს. ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 30-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ჩიოკანას სექტორის სასამართლომ დოდონს შინაპატიმრობა 30 დღით, 23 ივნისამდე შეუფარდა. ახლა კი, ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა დოდონს შინაპატიმრობა კიდევ 30 დღით გაუხანგრძლივოს.
წყარო - Sputnik-მოლდოვა.