„ბორჯომის“ ქარხნების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა შეთანხმება გააფორმეს

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ, განაცხადეს სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. შრომითი მედიაცია „IDS ბორჯომი საქართველოს" მენეჯმენტსა და ქარხნების თანამშრომლებს შორის შეთანხმებით დასრულდა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„ბორჯომის" თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა 31 მაისს გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ორთვიანი სახელფასო დავალიანების გადახდას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას მოითხოვდნენ.

„წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას განაგრძობენ და „IDS ბორჯომი საქართველო" სრულფასოვნად ფუნქციონირებას უახლოეს პერიოდში აღადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
როგორც მანამდე თავად პრემიერმა განაცხადა, „IDS ბორჯომი საქართველოში" დასაქმებული თითოეული თანამშრომლის უფლებები დაცული იქნება.
შეთანხმებას მხარეებმა ხელი ბორჯომში მოაწერეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე- ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
„ბორჯომის“ ქარხნების მუშების გაფიცვა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები >>
IDS Borjomi-ში ფინანსური პრობლემების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ გამოიწვია, აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. ფინანსური პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.
წყარო - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო