მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თურქეთში, ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ 1/4 ფინალში რუმინელი რაზვან ურსაჩი 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
სანდრო ბაზაძე ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ მოფარიკავე ელიოტ ბიბის შეხვდება.
მანამდე, 1/16 ფინალში ბაზაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონს, უნგრელ მოფარიკავე არონ ზილაგის შეხვდა, რომელთანაც ის „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიური თამაშების 1/2 ფინალში დამარცხდა. ამჯერად ქართველმა მოფარიკავემ მოწინააღმდეგე დამაჯერებლად – 15:7 დაამარცხა.
კიდევ ერთი ქართველი მოფარიკავე ბექა ბაზაძე 1/4 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში იტალიელ ლუკა კურატოლისთან 11:15 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც რვა საუკეთესოს შორის ორი ქართველი მოფარიკავე ასპარეზობდა.
ევროპაში პირველი და მსოფლიოში მესამე - სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა>>
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზეა. რეიტინგში სანდრო ბაზაძეს 186 ქულა აქვს და მხოლოდ სამხრეთ კორეელ მოფარიკავეებს სანგუკ ოჰსა (192) და იუნგჰვან კიმს (189) ჩამორჩება.
ბაზაძემ ასევე უკან მოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/16 ფინალში მის მიერ დამარცხებული უნგრელი არონ ზილაგიც (166).