თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჩვენი ბრალია, რომ საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
„ჩვენ, იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი?! რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ მიიღო ის, რაზეც ოცნებობდა – ევროპული პერსპექტივა.
„ეს ჩვენთვის აქამდე არავის უთქვამს, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა, რომ ამ პერსპექტივას მივიღებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღები რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.
„შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებს სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ 2022 წლის ბოლომდე მიაღწიოს წარმატებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტის სათავეში კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა იყოს.
„ამ სამუშაო ჯგუფის სათავეში უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც იქნება ძალიან კარგი გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, თუ ასეთი რამ შეიქმნა, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სვლა. გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, „კონსტრუქციულ ოპოზიციაზე“ საუბრისას ვის გულისხმობდა.