თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის უარყოფითი დასკვნის მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს ხისტი რეზოლუცია, ქართული ოპოზიციის ქმედებები და გეოპოლიტიკური ფაქტორები, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ.
ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ბრიფინგზე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა. ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტა, ჯერჯერობით თავი შეიკავოს, დაუბრუნდეს საკითხს და ნახოს, რამდენად აკმაყოფილებს ის პირობებს.
„როგორც ჩანს, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან რეზოლუცია ძალიან ნეგატიური იყო და იქ შეუმოწმებელი ფაქტები იყო. და რაც აღინიშნა, ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის“, – განაცხადა კიკნაძემ.
გასულ კვირაში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მასმედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე, რომელშიც, გარდა მასმედიისა, საუბარი იყო სერიოზულ პრობლემებზე მართლმსაჯულების სფეროში.
რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ასევე იყო მოწოდება, დაუწესდეს სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – „კრემლთან კავშირების გამო“, რის გამოც მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
„საქართველოს დამოუკიდებელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებაზე, ალბათ, არ მოახდინა გავლენა. საქართველომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ არ დააწესა ეკონომიკური სანქციები, რადგან თვითონ უფრო მეტად დაზარალდებოდა, ვიდრე რუსეთი. თავისი გადაწყვეტილებებით საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის განწყობას გამოხატავს“, – განაცხადა კიკნაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ბრძნულად იქცევა. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება „დანის პირზე“ დადის.
„ის, რაზეც ისინი რეზოლუციაში გვედავებიან, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი დასკვნებია. საქართველო ბევრად დემოკრატიულია, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, და მან სამაგალითოდ შეასრულა ევროკავშირის ყველა დირექტივა. არ ვეთანხმები, რომ საქართველოში არ არის სიტყვის თავისუფლება, პირიქით, ჩვენთან სიტყვის მეტისმეტად დიდი თავისუფლებაა“, – აღნიშნა კიკნაძემ.
პოლიტოლოგმა ევროკომისიის დღევანდელი უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ის, რომ ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს, „კარგად იმუშავა“.
„ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ამის გამო ის აქ მაიდანის ორგანიზებას შეძლებს, მაგრამ მოსახლეობაში ასეთი განწყობა არ არის“, – განაცხადა კიკნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგია.
„ეს ოპოზიციის ჩანაფიქრია, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერი გამოუვა, თუ რამე ექსცესი და პროვოკაცია არ იქნება. ის, როგორც დღეს საქართველოს მთავრობა იქცევა, აბსოლუტურად ასახავს ხალხის ნებას“ – თქვა პოლიტოლოგმა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, ექსპერტის აზრით, გეოპოლიტიკური ფაქტორებია.
„მაგრამ მგონია, რომ აქ არის კიდევ გეოპოლიტიკური ფაქტორები და, ალბათ, იქნება სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი აბსოლუტურად ახალი რეგიონული გაერთიანებებითა და ფინანსური რეჟიმებით. მიდის ვაჭრობა სახელმწიფოებს შორის. ახლა „მსოფლიოს გადაკეთების“ ძალზე მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს. ვნახოთ, სად მოვხვდებით“, – განაცხადა კიკნაძემ.
ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოსთან მიმართებით ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
ამასთან, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც 23–24 ივნისს ჩატარდება. ქვეყანა მიიღებს სტატუსს, თუ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანახმა იქნება.