თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს ბაქოს IX გლობალურ ფორუმში „გამოწვევები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“.
ფორუმი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი საკითხების გადასაწყვეტად ახალი მიდგომების შემუშავებას, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ღონისძიების გახსნაზე.
ფორუმში ათობით ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის მოქმედი და ყოფილი მეთაურები, ასევე ახალგაზრდა ლიდერები.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი თბილისში დაბრუნებას დედაქალაქის ცენტრში მის მიერვე ინიცირებული აქციის დაწყებამდე. ზურაბიშვილმა აქცია ორი დღის წინ დააანონსა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და რიგით მოქალაქეებს მოუწოდა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა „აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება“.
პრეზიდენტმა აქციაზე ასევე მიიწვია ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.
აქცია ჩატარდება ევროკავშირის სამიტის წინ (23-24 ივნისი), სადაც განიხილება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.