თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული 17 წლის არასრულწლოვან შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ქორწინებას აიძულებდა.
გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე, იმავე დღეს გოგონას მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს