COVID-19 - ბოლო ცნობები

მოგზაურობის მოყვარულთა საყურადღებოდ! საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ გამარტივდა

შესაბამისი ცვლილებები ძალაში 15 ივნისიდან შევიდა.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას ამიერიდან ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უარყოფითი PCR–ტესტის წარდგენისგან თავისუფლდებიან.
შესაბამისი ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომელიც 15 ივნისიდან უკვე ძალაშია. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
2022 წლის თებერვლიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო, შესაბამისად, ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება დაიწყო. მოქმედი რეგულაციებიდან ძალაში რჩება სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება.
ქვეყანაში შემოსვლის წესები 1 მარტიდან ვაქცინირებული პირებისთვის გამარტივდა. მათ მოეთხოვებოდათ მხოლოდ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
არავაქცინირებულ პირები კი ვალდებული იყვნენ წარედგინათ საზღვრის კვეთამდე 72 საათით ადრე ჩატარებული უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR–ტესტის გაკეთების ვალდებულება მოიხსნა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანამ კორონავირუსის ექვსი ტალღა გადაიარა, გასული წლის დეკემბერში საქართველოში ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.