უჩვეულო მასალებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები - დედისგან ნასწავლი საქმე

ის, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, აკადემიაში არ ისწავლება. ყველაფერი კი დედის ნელი არაბულის წყალობით დაიწყო.
Sputnik
ირინა არაბულმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა. თავის პატარა ნაკეთობებს სხვადასხვა მასალისგან აკეთებს: ასანთის ღერებისგან, ქვის ნატეხებისგან, კრისტალებისგან, კბილის ჩხირებისგან, ძირითადად კი მაინც მუყაოა საჭირო. მისი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია.
ირინა არაბული
- ქალბატონო ირინა, თქვენი ნამუშევრები სოციალური ქსელების საშუალებით გახდა პოპულარული?
- დიახ, მყიდველი უშუალოდ ჩვენზე გამოდის, სალონებს აღარ ვამარაგებთ. თუ შეკვეთები მოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამზადებ. დღემდე ბევრი ნამუშევარი მაქვს დამზადებული და ყველა მათგანი გაყიდულია. ჩემი ნამუშევრების მხოლოდ ფოტოები შემოგვრჩა.
- ყველაფერი დედისგან ისწავლეთ?
- დიახ, ყველაფერი დედისგან, მხატვარ ნელი არაბულისგან ვისწავლე. მას ეკუთვნის ამ ნაკეთობების დამზადების იდეაც და ტექნოლოგიაც. ასე რომ, ნელი არაბული ავტორია. ასეთ ნაკეთობებზე მუშაობა მან 15-20 წლის წინ დაიწყო. იმ დროს ეს განსაკუთრებული და განსხვავებული იყო. მათზე მოთხოვნაც არსებობდა და კარგადაც იყიდებოდა. შემდეგ შეკვეთებს მე ვიღებდი.
ირინა არაბულის ხელნაკეთი ძველი თბილისი
- უჩვეულოა, რომ მასალებად ასანთის ღერებს, ქვის ნატეხებს, კრისტალებს, კბილის ჩხირებს იყენებთ...
- მათგან ყველაზე უჩვეულო ხის და ქვის მტვერია. ნამუშევრის ფონს რით ვავსებ, იცით? იატაკის მოხვეწის შემდეგ რომ მტვერი რჩება, იმით. ასევე ვიყენებ ხის საამქროებიდან აღებულ ნახერხის მტვერს, რომელიც წებო-ემულსიას ერევა და ასე მკვრივდება. ამ გზით პატარა ქანდაკებებს ვაკეთებ.
- ასეთი ორიგინალური ნამუშევრებით ძირითადად ვინ ინტერესდება?
- ჩვენი ნამუშევრები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, ისინი უფრო ხშირად ძველი თბილისის ხედებს მიკვეთავენ. ასეთი ნახატები სხვადასხვა ნივთებზეა გადატანილი, მაგალითად, დოქებზე, ჭიქებზე, თეფშებზე. ბოთლებზე, ჭინჭილებსა და ყანწებზე – ღვინის თემატიკაა.
ირინა არაბულის ნამუშევარი
- ალბათ მნიშვნელობა ენიჭება ასეთი ნივთების უსაფრთხო შეფუთვას...
- ყველაფერი ჩანთებშია ჩალაგებული. რომ არ დაზიანდეს, ისინი კარგად უნდა შეიფუთოს. ჩანთა, რომელშიც მოათავსებთ, მგზავრობის დროს ხელში უნდა გქონდეთ.
- ეს საქმე საოჯახო ბიზნესად იქცა?
- ასე გამოდის, რადგან ამ საქმეში მეუღლე და შვილებიც ჩაერთვნენ და ოჯახური ბიზნესი გამოგვივიდა. ყველაფერი თავიდანვე კარგად იყიდებოდა, ხალხი რიგში მედგა და ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა. ამიტომ გახდა საჭირო მთელი ოჯახის ჩართვა, ვერ წარმოიდგენთ, ჩვენთვის ეს როგორი სტიმული იყო.
ნინი მამულაშვილი