თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გამოფენა Passenger Terminal Expo 2022-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პარიზში 15-17 ივნისს გაიმართება.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა ბოლო ორი წლის მანძილზე არ ჩატარებულა. ორი წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს 1900-ზე მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბებიან.
საქართველოს ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს, რომელიც კონფერენციის სპიკერიცაა.
„Passenger Terminal Expo 2022-ზე წარვადგენთ პრეზენტაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნეს-მოდელს. ეს იქნება ერთობლივი პრეზენტაცია ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინი ეკუთვნის“, – განაცხადა არჩუაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების შემდეგ ეს პირველი მასშტაბური წარდგენა იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არქიტექტურული კუთხით ერთხელ უკვე მოხვდა მსოფლიოს ულამაზეს 14 აეროპორტს შორის. იმედი გვაქვს, რომ განახლებული ტერმინალი კვლავ არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდება“, – განაცხადა არჩუაძემ.
Passenger Terminal Expo 2022 – მსოფლიოში უდიდესი, აეროპორტების ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე.
ღონისძიების ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნონ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250-ზე მეტ ექსპოზიციას, რათა მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში უსაფრთხოება და მგზავრების მომსახურების გამოცდილება მაქსიმალურად გაიზარდოს.