ბათუმში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ბათუმში 15 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ფორუმში აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებიდან.
დასაქმების ფორუმი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში" 11:00-დან 15:00 საათამდე გაიმართება.
ღონისძიების მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში დაკავშირება და დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობა.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.