თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გარიგება „ბორჯომის“ მფლობელებთან ორი დოკუმენტისგან შედგება – სახელმწიფოსთვის წილის გადაცემის შესახებ და დირექტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლის გადამწყვეტი როლის შესახებ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.
შეთანხმების პირობების თანახმად, სახელმწიფო მიიღებს კომპანია Rissa Investments Limited-ის აქციების 7,73%-ს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მაკონტროლებელ აქციონერს.
„სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რომელიც მოგვეცა, რათა კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოსთვის ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, კომპანიაში სიახლეებმა უნდა მოაგვაროს IDS Borjomi-ს გაფიცული თანამშრომლების პრობლემები, რომლებიც ორი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, უვადო შრომითი კონტრაქტების გაფორმებას და გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომლის უპირობოდ აღდგენას ითხოვენ.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანია IDS Borjomi Georgia-ს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს დირექტორთა საბჭოს Rissa Investments Limited-ში (რომლის აქციონერები არიან რუსული Alpha Group და აწ გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი). გარდა ამისა, სახელმწიფოს ეყოლება ერთი დამკვირვებელი დირექტორი.
„სახელმწიფოს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება შეუძლია“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
IDS Borjomi Georgia-ს სანქციები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დაუწესდა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.