მსოფლიო დღეს

„მარცვლეულის დერეფანი“: ერდოღანი პროექტს პუტინთან და ზელენსკისთან შეათანხმებს

Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან — ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნაზე იმსჯელებს, რის შესახებაც მან ქალაქ ვანში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა, იუწყება Anadolu.
აღნიშნული უსაფრთხო დერეფანი უკრაინის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულისა და უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო გზით ექსპორტს მოემსახურება.

„მომდევნო კვირაში ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ პუტინთან და ზელენსკისთან, რათა ვიმსჯელოთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, თურქეთს მარცვლეულის პრობლემა არ აქვს.
„მთელი მსოფლიო ეკონომიკურ ჩიხშია <…> ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მარაგში 5 მილიონი ტონა ხორბალი გვაქვს. ვაპირებთ მარცვლეულის გაგზავნას მესამე ქვეყნებში, რათა ეს ბიზნესი ახალ დონეზე გავიყვანოთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე დაიწყო. საომარი მოქმედებებისა და სანქციების გამო რუსეთი და უკრაინა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორიები არიან საერთაშორისო ბაზარზე, მარცვლეულის, სიმინდის, ზეთის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ვერ ახერხებენ. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.
ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს და მისი ოდესის, ბერდიანსკის, მარიუპოლის პორტებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნების გავლით გატანის წინადადება წამოაყენა. როგორც პუტინი ირწმუნება, მსოფლიოში სასურსათო კრიზისზე რუსეთი არ არის პასუხისმგებელი — ამაში კოროვირუსული პანდემია, აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა და დასავლეთის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებებია დამნაშავე.
წყარო: Anadolu