თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ზაფხულის ფესტივალით გაიხსნება, ნათქვამია რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება ტრადიციული ლოზუნგით - „ზაფხული იწყება აქ".
ანბანის კოშკი
© photo: Sputnik
სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა. 14:00 საათიდან ბულვარის კოლონადებთან სტუმრებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი: დრამ-შოუ, პანტომიმა, საჰაერო შოუ, საბავშვო პროგრამა, სპორტული ცეკვები და სხვა გასართობი ღონისძიებები.
მუსიკალურ პროგრამაში, რომელიც 18:00 საათიდან დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი დიჯეები და ბენდები, მათ შორის, „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, Аsea Sool და სხვ.
ჯგუფი „მგზავრები“
© courtesy of Mgzavrebi Band
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს ჰპირდებიან, რომ ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი. ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და ღამით, 03:00 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბულვარის ადმინისტრაცია.