მკვლელობა და დაჭრა თელავში: პოლიციამ ძებნილი დააკავა

პოლიციამ ბრალდებული 20 დღიანი ძებნის შემდეგ რუსთავში დააკავა
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. კახეთის პოლიციამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 52 წლის, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
შემთხევა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელ ძმებს, ასევე მათ დედას და საკუთარ შვილს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.
პირს ბრალდება 23 მაისს დაუსწრებლად წარედგინა, იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად რუსთავში დააკავეს.
მკვლელობა და დაჭრა კახეთში: ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა >>
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო