ბათუმში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, მოლარეს თანხა მოსთხოვა, თუმცა ბანკის თანამშრომლების წინააღმდეგობის შემდეგ გაიქცა
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა.
გამოძიება ბრალდებულს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შეიარაღებული ბაქარ მჟავანაძე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა. მან თანხა მოითხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა ბანკის თანამშრომლებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც თავდამსხმელმა ადგილზე მყოფთა დასაშინებლად ჰაერში გაისროლა. მჟავანაძე დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა.
დაკავებულმა განაცხადა სასამართლოზე, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია, მაგრამ ამ განცხადებას რაიმე განმარტება არ მოჰყოლია.
მორიგი სასამართლო სხდომა 2 აგვისტოს ჩაინიშნა.
საქართველოში ყველაზე ხშირად ყაჩაღობის მცდელობები სწორედ „საქართველოს ბანკში“ ხდება. ყველაზე გახმაურებული დანაშაული ბანკის წინააღმდეგ 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - თავდამსხმელმა ზუგდიდის ბანკის ფილიალის დაყაჩაღება და მიმალვა ისე მოახერხა, რომ მას დღემდე ეძებენ. გახმაურებულ საქმეში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუაა.