თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ნორვეგიული ეკოტურისტული კვლევითი ორგანიზაცია Linking Tourism & Conservation Society საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის სამოთხეს უწოდებს.
სტატიაში აღწერილია საქართველოს დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები. სტატიის ავტორებმა კრისტოფ პროკოშმა და კრისტოფ ზოკლემა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება საქართველოში
© ltandc.org
დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსულმა ჯგუფმა საქართველოში გამოიკვლია, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული ტურისტებისთვის. დასკვნები შთამბეჭდავია, აცხადებენ სპეციალისტები.
ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევარებმა დაწერეს, რომ ერთკვირიანი ვიზიტის დროს საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე დაცულ ტერიტორიებზე 157-ზე მეტი სახეობის ფრინველი იხილეს. შორის იყო კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, რომლებიც, მათი თქმით, საუკეთესო ბუნებრივ პირობებში იმყოფებიან.
ნორვეგიელი სპეციალისტების თქმით, საქართველოში გაზაფხულზე ბევრი გადამფრენი ფრინველი გვხვდება.
„ჩვენ შედარებით ადრე მოგვიწია საქართველოში ჩასვლა, ფრინველების მიგრაციის პიკი ჯერ არ იყო, თუმცა, გადამფრენ ფრინველთა სულ მცირე, 15 სახეობას დავაკვირდით. მგალობელ ფრინველთა ნაწილი საქართველოში გვიან მოფრინდა, რადგან გაზაფხულს მოსვლა ცოტა დააგვიანდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ 7 სახეობის ტოროლა და 4 სახეობის მეღორღია ვიხილეთ“, - აღწერენ ნორვეგიული ორგანიზაციის მკვლევრები.
სტატიის ავტორებმა ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობაც აღნიშნეს. მათი თქმით, საქართველო გამოირჩევა კულტურული სიმდიდრით, შესანიშნავი კერძებითა და ღვინის უძველესი კულტურით.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება საქართველოში
© ltandc.org
„მიუხედავად მცირე ფართობისა, საქართველო ევროპაში ყველაზე საოცარი და მრავალფეროვანი ეკოზონებით გამოირჩევა”, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღწერილია ასევე ვაშლოვანისა და ყაზბეგის ეროვნული პარკები. სტატიის ბოლოში კი რჩევებია მათთვის, ვინც საქართველოში მოგზაურობას და ფრინველებზე დაკვირვებას გეგმავს.
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება საქართველოში
© ltandc.org
ფრინველებზე დაკვირვება ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ეკოტურიზმში. აჭარას ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
შავი ზღვის სანაპირო და კერძოდ ბათუმის შემოგარენი შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანია. ამ დერეფანში ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი გადის. ამ მაჩვენებლით აჭარას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება ჩაქვის ტერიტორიიდან
© Ajara Tourism Department
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების პერიოდი 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.
დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილებია სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხი, ბათუმის ზღვისპირა პარკი და პორტი.
გარდა ამისა, აჭარაში ყოველწლიურად ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.