კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა

თუ თითოეულ ჩვენგანს სანქციებს დაგვიწესებენ, ქვეყანა ომში მაინც არ ჩაერთვება, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გააკრიტიკა ხელისუფლება მედიაგარემოში არსებული სიტუაციის გამო, ხოლო ერთ-ერთი პუნქტი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღების რეკომენდაციას მოიცავს.
„ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, არის აბსოლუტურად სამარცხვინო, ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო არ ჩაერთვება ომში, იმ შემთხვევაშიც თუ სანქციები ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს შეეხება.
„თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში, ჩვენზე უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჯარები ჰყავთ, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი არიან. საქართველოს არასდროს არ დაუხევია უკან, ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მასში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მრავალ ფაქტზე.
„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს >>
ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.
ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.