თურქეთი გალიფ ოზთურგის ექსტრადიციას მოითხოვს

გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თურქეთი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადიციას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ჟურნალისტებთან.
გალიფ ოზთურქი ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს. ამჟამად ბიზნესმენი ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფება.

„იგი საქართველოს მოქალაქე და, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენია. (თურქეთში) იგი ბრალდებული იყო და აღნიშნულ ბრალდებაზე 2018 წელს საბოლოო განაჩენი იქნა გამოტანილი. ჩვენ მისი ექსტრადიცია მოვითხოვეთ და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა იაზგანმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობისა, ოზთურქი ასევე რჩება თურქეთის მოქალაქედ, რაც მისი ექსტრადიციის მოთხოვნის უფლებას იძლევა.
გალიფ ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქეთში იგი არაერთი სასამართლო პროცესის ფიგურანტი იყო და იქ მას დაუსწრებლად უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
საქართველოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.
ოზთურქის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.