როდის მიუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს? ეროვნული ბანკის პასუხი

ამ პერიოდამდე ქვეყანაში ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, რომელიც უკრაინის მოვლენებმა გამოიწვია, აცხადებს ბანკის პრეზიდენტი.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე კვარტალში მიუახლოვდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით) 13,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 20%, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 12,6%, ჯანდაცვაზე – 2%. მაისში სურსათზე ფასები წლიური 22%-ით გაიზარდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა, ჩვენ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა. დღევანდელი პროგნოზით, ვფიქრობთ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შემდეგი წლის მეორე კვარტალში დაუახლოვდება", – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ამ პერიოდამდე საქართველოში შენარჩუნდება ფასების ზრდის დინამიკა, რაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებით არის გამოწვეული. ამიტომ ახლა ფასების გაკონტროლება შეუძლებელია.
„მაშინ, როდესაც საერთაშორისოდ იზრდება ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ხორბალი, ზეთი და ნავთობი, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფასების ზრდას", – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
რას უნდა ველოდოთ ინფლაციისგან საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ახალი მონაცემებით, 2022 წლის მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 157,4 პუნქტი იყო, რაც 0,9 პუნქტით (0,6%) ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 29,2 პუნქტით (22,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.