მარნეულში გველებმა სამი ადამიანი დაკბინეს, მათ შორის ორი ბავშვია

2021 წლის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში გველის დაკბენის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ კლინიკაში 2022 წელს გველის დაკბენის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო მარნეული" ავრცელებს.
კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის ტატა შენგელაიას განცხადებით, ივნისში სამედიცინო დაწესებულებაში ქვეწარმავლის მიერ დაკბენილი ორი პაციენტი მიიყვანეს, რომელთაგან ერთი ბავშვი იყო.

„შუახნის ქალი გავწერეთ ორშაბათს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირა გადიოდა მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. წინა კვირაში ბავშვი მოიყვანეს, მისი მდგომარება მძიმე არ იყო, მაგრამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადავიყვანეთ", – განაცხადა შენგელაიამ.

„ავერსის" კლინიკაში კი 2 ივნისს გველის მიერ დაკბენილი 9 წლის ბავშვი შეიყვანეს. მცირეწლოვანს მკურნალობა ადგილზე გაეწია და იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.
დაივიწყეთ შხამის ამოწოვა და ლახტის დადება: პირველი დახმარება გველის ნაკბენისას>>
მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის ინფორმაციით, შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსისა" და „ავერსის" კლინიკებში ყოველთვის მარაგშია.
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.
გველების სიმრავლე სამებაში: სოფელში სპეციალური ჯგუფი მუშაობს>>
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.