თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 6 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.
ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივად 1.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ ხომასურიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ბერძენიშვილმა მას ხელი პირველმა მოუქნია: „ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე“. მისი თქმით, ბერძენიშვილი „საშიში“ ადამიანია. მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
დაკავებული ირაკლი ხომასურიძე ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.