თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში С ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა, იუწყება ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
„საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წლიური ანგარიში 2020-2021“ – ამ დასახელების დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ С ჰეპატიტის აღმოფხვრის კუთხით მიაღწია.
საქართველოში 2015 წლიდან დღემდე სკრინინგი С ჰეპატიტზე ქვეყნის 2,3 მილიონზე მეტმა მოზრდილმა მოქალაქემ გაიკეთა; აქედან ქრონიკული ინფექცია დაუდასტურდა 96 ათასს, ხოლო 78 ათასმა იმკურნალა. განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
საქართველოში 2021 წელს სპეციალისტებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში აქტიური შემთხვევების გავრცელება 1,8%-ს შეადგენს, ხოლო ბავშვებს შორის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
კვლევამ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა В ჰეპატიტის მხრივაც. ბავშვებს შორის В ჰეპატიტის გავრცელება მნიშვნელოვნად მცირეა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობასთან შედარებით. ამის მიზეზად სპეციალისტები ბავშვებში В ჰეპატიტის საწინააღმდეგო წარმატებულ ვაქცინაციას ასახელებენ.
С ჰეპატიტზე ბავშვებს საქართველოში ცრიან სამჯერ – დაბადებისას, ორი თვისა და ოთხი თვის ასაკში.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული ანალოგი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყება.