საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისის ბოლოს ჩააბარებს

ანგარიშში ნათქვამია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაზე
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით 24 ივნისს წარდგება.
პრემიერმა თავისი ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერი ისაუბრებს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა.
ანგარიშში ნათქვამია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომლებიც განხორციელდა 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე. ასევე დოკუმენტში საუბარია ადგილობრივი მწარმოებლების დახმარებაზე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, მოქალაქეების დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი".
ასევე, ყურადღება გამახვილდება ტურიზმის წილზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 2019 წელთან შედარებით 68,9% შეადგინა.
მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმაზე, თუ რა გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის პოტენციალის რეალიზაციის, ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციისთვის.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ანგარიშის მიხედვით, PACE ჯგუფი ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პირველ ფაზას 93 მილიონი დოლარის ინვესტიციით ასრულებს.
პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ხაზგასმულია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, ასევე ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობა.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაიმართება.
ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს მეორე ანგარიში იქნება. პირველი ანგარიში პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს განიხილა.
წყარო - სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება