თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღდგა, მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მონაცემებს აჭარბებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნებულია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის მაისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 111% აღდგა. 2022 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72.104 მგზავრს მოემსახურა (2019 წლის მაისში – 64.745 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის მაისში – 210 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.