თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი კენო ოიოში დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში კორეელ ძიუდოისტ ლი ჯუნჰვანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მორიგი, მაგრამ უკვე ბრინჯაოს მედალი ეროვნულ გუნდს 19 წლის გიორგი ტერაშვილმა მოუტანა.
ტურნირის ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ტურნირის პირველივე დღეს ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
თბილისის დიდი სლემის ტურნირი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის ზაფხულისთვის გადაიდო. ტურნირი დღეს დასრულდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 37 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.