თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და 14 მედალი მოიპოვა - ხუთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
ტურნირის დასკვნით დღეს ერთ-ერთ ფინალურ ბლოკში ერთმანეთს ორი ქართველი შეხვდა - გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე (100 კგ). სანებლიძემ მეტოქე 21 წამში დაამარცხა და გუნდს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
თითო ოქროს მედალი ეროვნული გუნდის ყულაბას ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100) შემატეს. ზაალიშვილმა უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, ღვინიაშვილმა - უნგრელი კრისტიან ტოტი.
გუნდს ბრინჯაოს მედალი ლევან მათიაშვილმა მოუტანა, რომელმაც ტატამზე ონისე ბუღაძე დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა სოფია სომხიშვილმა (+78 კგ) დამსახურებული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები საგრძნობლად გაუსწრო უახლოეს მეტოქეს. ტურნირის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ნაკრებს ორი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი აქვს.
ტურნირის პირველ ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ტურნირის გამარჯვებულები თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ნაკრებს ბრინჯაო მოუტანეს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე 37 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
თბილისის გრანდ სლემის ტურნირი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის ივნისში ჩატარდა.