თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. აგვისტოში თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალია მოსალოდნელი, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა.
„ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
ხანიშვილმა და ჩეკურაშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს.
„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია“, - განაცხადა ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და სასაწყობე ცენტრებიც დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტო-სექტემბერში იწყება. პირველად სამეგრელოსა და გურიაში, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში. მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული თხილის მოცულობა 25%-ით (3,9 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 7%-ით (6,1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ამ პერიოდში განხორციელდა 19,8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 91,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, ყველაზე მეტ ქართულ თხილს იტალია ყიდულობს.
2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 და 2021 წლებში მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.