თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით წელს ივლისში საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები არ იფუნქციონირებენ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.
„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდ-პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ... საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება", – აცხადებენ სააგენტოში.
სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისის თვეში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 13 ათასზე მეტი აღსაზრდელი სარგებლობდა – ძირითადად ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად გასვლას ვერ ახერხებდნენ.
საზაფხულო ბაღების ფუნქციონირება 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ის არ განახლებულა არც 2021 წელს. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო დირექტორთა სააკონსულტაციო საბჭომ წელსაც.