სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიება გრძელდება: დეტალები

სააკაშვილს ჩაუტარდება დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის საფუძველზე კომისია დასკვნას დადებს
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ციხის კლინიკაში მისი ეტაპირების დროს განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტის გამოძიების ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დამატებითი ექსპერტიზები დანიშნა. ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის“ მუხლით გასული წლის ნოემბერში აღიძრა ადვოკატების განცხადების შემდეგ, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებისას ცემა და დამცირებას ჰქონდა ადგილი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე უკვე დაინიშნა კომპლექსური - ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა. აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გამოწერისას და მაჯის საათის ჩამორთმევისას განვითარებული მოვლენები.
„პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი“ - გია ვოლსკი სააკაშვილის ექიმების შესახებ >>
ასევე, ვიდეო-ჩანაწერებზე, რომელზეც ასახულია გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ ბლოკში ყოფნისას განვითარებული მოვლენები, მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამატებით სამედიცინო ექსპერტიზები დაინიშნა, რომლის საფუძველზე დასკვნას კომისია დადებს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ სააკაშვილის დაცვის მხარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება.
იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების დროს მომხდარი მოვლენების საკუთარი ვერსია აქვს. გარდა ამისა, ის ექს-პრეზიდენტს საკუთარ პრეტენზიებს უყენებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სააკაშვილს ბრალად უყენებს „ძალადობას“ და „სხვისი ქონების დაზიანებას“.
შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა >>
გენინსპექციის მონაცემებით, სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში შესახლებისას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო აღჭურვილობა (კარდიომონიტორი) დააზიანა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.