თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში დაგეგმილია ახალი თბო- და ჰიდროელექტროსადგურების აშენება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე დასრულებულია მუშაობა ორი ახალი თბოელექტროსადგურის (თესი) „გარდაბანი 3“-ისა და „გარდაბანი 4“-ის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 500 მეგავატი იქნება.
ორივე თესი აშენდება ახალი ტექნოლოგიით, კომბინირებული ციკლის გაზის ტურბინებით.
გარდა ამისა, 2022 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ხელი მოეწერა 207 მემორანდუმს 160 მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურის და ოთხი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. ასევე გაფორმებულია მემორანდუმები ქარის 12 და მზის 31 ელექტროსადგურის განვითარების თაობაზე.
გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, ყველა ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე იქნება 4.073 მეგავატი, ხოლო გამომუშავება 15,59 მილიარდი კვტ/სთ.
გარდა ამისა, წელიწად-ნახევარში საქართველომ გააფორმა კონტრაქტები ელექტროგადამცემი ხაზების ოთხი კვანძის მშენებლობაზე.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყოველწლიურად იდგმება ნაბიჯები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უსწრაფესად მისაღწევად – შენდება ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები და ქარის ელექტროსადგურები. ბევრი ექსპერტის აზრით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო ქვეყანაში ენერგოდეფიციტია მოსალოდნელი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 15,3 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ადგილობრივად გამომუშავებული იყო 12,6 მილიარდი კვტ/სთ.